ექსისტენციალური ნიჰილიზმი

,,ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან”
დათა თავაძის კომპოზიცია



25 ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი ერთდროულად იკლავს თავს. აქ ყველას თავისი უიმედო, სასოწარკვეთილი ისტორია აქვს. ეს ისტორიები ყოველგვარ იდეალებს მოკლებულია, არის შთაბერილი ნეგატივითა და ექსისტენციალური ნიჰილიზმით. 25 ახალგაზრდა მსახიობი ყვება საკუთარი პერსონაჟის ისტორიას და უშუალოდ მაყურებელს უსვამს ერთი შეხედვით ღრმა ფილოსოფიურ კითხვას, რაზე პასუხიც არ იძლევა არაფერს გარდა უხერხულობისა და გულის სიღრმეში გაჩენილი ზიზღისა საკუთარი თავის მიმართ. ვფიქრობ მსახიობების მსგავს მოქმედება-უშუალო კითხვები მაყურებელთან , ეს პირადად რეჟისორის კითხვები იყო, რომელიც თითქოს ჩვენზე, მოკვდავ ადამიანებზე ბევრად მაღლა დგას საკუთარი მსოფლაღქმითა და იმ შენიშვნებით, რომელიც მას სამყაროსთან მიმართებაში გააჩნია. ეს არ არის ერთგვარი პრობლემა, მითუმეტეს ჩვენ თანამედროვეობაში, როდესაც მსგავსი მეთოდი ასე რომ ვთქვათ ტრენდულია და ხელოვნება ცდილობს ადამიანზე მაღლა იდგეს. თუმცაღა ჩემი სუბიექტური აზრით ხელოვნება ყველაზე ღრმა ჰუმანური რამაა და იგი არამცთუ სცდება ადამიანის შესაძლებლობებს, არამედ პირიქით მისი ყველაზე ღრმა გამოვლინებაა. ვფიქრობ რეჟისორი ცდილობდა ჩვენთვის ეჩვენებინა ის, რომ ყველანი ერთი აბსურდის ნაწილები ვართ, რომელიც ჩვენთვითონ მოვიგონეთ, სინამდვილეში კი ბედისწერა გვტანჯავს და გვტანჯავს, რის გამოც შევქმენით ჩვენ ეს საყმარო. რეალობაში არ არსებობს არავითარი ღმერთი, არავითარი სიყვარული, არავითარი იმედი, მხოლოდ და მხოლოდ ეგოიზმი და სხვა ადამიანების მიმართ ეგოცენტრული დამოკიდებულება. ამ პერფორმანსში გაჟღერებული სიყვარულის ისტორიაც ყალბი და მოჩვენებითია, მას ისევ და ისევ საკუთარი თავისკენ მივყავართ. საყვარელი ადამიანები სინამდვილეში ისევ საკუთარი თავის სიყვარულის გამო გვიყვარდება, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ჩვენ სიკარგესა და სინატიფეს გვაჩვენებენ, გვაძლევენ საშუალებას საკუთარი თავებით დავტკბეთ. საბოლოოდ კი სწორედ ეს საყვარელი ადამიანები გვიღებენ ბოლოს. ,,ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან“, ვფიქრობ სათაურის ქვეტექსტი ისაა, რომ ადამიანის საკუთარი თავის პირისპირ დარჩენა ტრაგედია და სასოწარკვეთა არის, მან კი არ იცის, რომ სხვებიც იგივე დღეში არიან. წარმოდგენის იდეა და მიზანი ადამიანებში იმ სასოწარკვეთის გაღვიძებაა, რომელიც ყველა ჩვენგანშია და რომელსაც ყველანი ვფარავთ ყოველდღიურობის ნიღბით. ეს 25 ადამიანის ერთგვარი ემოციური აფეთქება იყო. საბოლოოდ პერფორმანსი არავითარ იმედს არ აღძრავს და მხოლოდ ნეგატივისა და პარადოქსის დემონსტრირებას ახდენს.
ჩემი სუბიექტური აზრით, როდესაც რეჟისორი პრობლემას წარადგენს, თუ არ ხედავს იგი მისი გადაჭრის გზას, მან სურვილი მაინც უნდა აღძრსას ვიპოვოთ გზა, რომელიც ამ ემოციური ჭაობიდან ამოგვიყვანს. ვფიქრობ რეჟისორი არ უნდა ბადებდეს პირადი ტრაგედიის რომანტიზირების პერსპექტივას და გულის სიღრმეში ამით ტკბობას. დღესდღეობით სწორედაც რომ მენტალურ აშლილობასა და პარადოქსში ცდილობს საკმაოდ ბევრი რეჟისორი ერთგვარი პოეზია დაინახოს და არ აღიქვას ეს როგორც პრობლემა, არამედ პირიქით შეეგუოს და მისით დატკბეს. პერფორმანსი უდაოდ საინტერესოა, თუმცაღა აქ დროის ფაქტორმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, რის გამოც დამსწრე საზოგადოების არც თუ ისე მცირე რიცხვმა 3 საათი ვერ გაძლო და დარბაზი დატოვა. პირადად მე მეგონა, რომ მსახიობთა მასშტაბური რიცხვი, დათა თავაძის რეჟისურა და ნიკა ფასურის მუსიკა პერფორმანსის 3 საათსაც კი ერთ ამოსუნთქვაში ჩაატევდა. ეს ალბათ ასეც იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მსახიობების შესაძლებლობებს შორის ერთგვარი დისბალანსი და ოსტატობის განსხვავებული ხარისხი. ნუცა აბაშიძე, სანდრო სამხარაძე, ოთო ლობჟანიძე, თაკი მუმლაძე, ბუკა თოლორდავა, იაკო ჭილაია და მაგდა ლებანიძე უდაოდ ბრწყინავდნენ მთელი პერფორმანსის განმავლობაში. სწორედ ეს მსახიობები დანამდვილებით აქ და ახლა იყვნენ იმ ტრაგედიაში, რომელიც რეჟისორმა მათში აღძრა. ეს იყო ერთგვარი სამსახიობო აკაპელა, რომელიც თავიდან ბოლომდე მსახიობის ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პერფორმანსის შეკვრა რეჟისორისთვის არც ისე იოლი იქნებოდა. მსახიობებს შორის მსგავსი კონტრასტის არ არსებობა კი ვფიქრობ პერფორმანსს ბევრად შთამბეჭდავს გახდიდა. მსახიობებს უდაოდ რთული დავალება ჰქონდათ, მათ მთელი თავიანთი ოსტატობა საკუთარ ხმაში უნდა მოექციათ და ყოველი ტრაგიკული თუ პარადოქსული ემოცია მიკროფონით მიეწოდებინათ მაყურებლისთვის.ძალზე რთულია ემოციის გადმოცემა მაშინ, როდესაც შენი გამომსახველობითი საშუალებები მინიმალიზირებულია და შენსა და მაყურებელს შორის მხოლოდ ვერბალურია ურთიერთობა. ვფიქრობ მსახიობების გარკვეულმა (თუმცაღა არც თუ ისე დიდმა) ნაწილმა, მიუხედავად ასაკისა, დანამდვილებით კარგად გაართვა ამ სირთულეს თავი. დათა თავაძე ყოველთვის ცდილობს და გამოსდის კიდეც მიგვაახლოვოს ევროპულ თეატრს. კანონზომიერია მისი წარმატებები როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ვფიქრობ, რომ ის უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია და ამავდროულად საკმაოდ საინტერესო პიროვნული იდენტობის მქონე ადამიანი. მისი ინდივიდუალიზმი და თვითმყოფადობა ჯერ კიდევ იმდენად არ იჩენს თავს მის შემოქმედებაში რამდენადაც ამისი ალბათობა არსებობს. იგი უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა რეჟისორია თანამედროვე ქართულ თეატრში. რეჟისორთა მცდელობას ალღო აუღონ თანამედროვე ტენდენციებს, დათა თავაძე უდაოდ კარგად ახერხებს. რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში თეატრალური პერფორმანსის ფორმა არ მოიაზრებს მოვლენათა სიღრმისეულ ანალიზს, მაგრამ ,,პრომეთესა" და ,,ტროელი ქალების" რეჟისორისგან სწორედ ეს სიღრმისეული ანალიზია მოსალოდნელი. დღესდღეობით ჩვენ ცხოვრებაში აგრესია, ნიჰილიზმი და სასოწარკვეთა არ არის უცხო. იგი ჩვენ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორედ ამიტომ ეს პერფორმანსიც ამ ტენდენციის რიგითი მოვლენაა და არა ფენომენი, რომელიც ,,ამ ქაოსის მაღლა მოძებნის საყრდენს" ჰ. ჰესე. სანამ თეატრში ბევრად მაღალი ღირებულებების საკითხები არ დაისმება, ქართული თეატრი დროის გამოწვევებს დანამდვილებით ვეღარ გაუძლებს. დათა თავაძეს კი უდავოდ გააჩნია პოტენციალი თანამედროვე ქართულ თეატრში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ალბათ სწორედ ამიტომ როგორც მაყურებელი, მისგან შინაგანად მეტს ველი.

Comments

Popular posts from this blog

ფარუგა და ათი მცნება

აზროვნების ფართო მასშტაბი, თუ შეუმდგარი ქორეოგრაფიული წარმოდგენა?

ინტელექტუალური ავანგარდი